რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ?

სექსი ჩვენი ცხოვრების ნორმალური და ჯანმრთელი ნაწილია,
თუმცა დაუცველი, გაუფრთხილებელი სექსი
ბევრი უსიამოვნების წყარო შეიძლება გახდეს.

 რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)?

სქესობრივი გზით ბევრი ინფექცია გადადის. მათ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - შემოკლებით სგგი ეწოდება. ესენია: შიდსი, ვენერიული დაავადებები: გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიაზი, სოკოვანი ინფექციები, ვირუსული ინფექციები: ციტომეგალოვირუსული, ჰერპეს-ვირუსული, საშოს მეჭეჭები და სხვა. დღეს ცნობილია 30-მდე ასეთი დაავადება.

ბოლო ხანს აღინიშნება სგგი-თ ავადობის ზრდა. თანამედროვე სტატისტიკით მსოფლიოში ყოველწლიურად სგგი-ს 330 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, ესე იგი ყოველდღიურად - 1 მილიონი ადამიანი. დაავადებულთა შორის ქალები 2-ჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცები. სგგი განსაკუთრებით ხშირია 18-25 წლის ახალგაზრდებში.

თუ ხართ სექსუალურად აქტიური, ან ემზადებით ამისთვის, უნდა ისწავლოთ როგორ აარიდოთ თავი სგგი-ს.

 როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გაქვთ სგგი?

ზოგ დაავადებულს არაფერი აწუხებს, ზოგს კი დაავადების ბევრი სიმპტომი (ნიშანი) შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად:

თეთრად შლა, ჭარბი ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი საშოდან;

გამონადენი სასქესო ასოდან;

ხშირი შარდვა, წვა და ტკივილი შარდვის დროს;

ქავილი და/ან გამონაყარი სასქესო ორგანოების და უკანა ტანის მიდამოში;

ნახეთქები, წყლულები, ჩირქოვანი ბუშტუკები გარეთა სასქესო ორგანოებზე, სწორი ნაწლავის გარშემო, პირის ღრუში;

ლიმფური ჯირკვლების გადიდება საზარდულების მიდამოში;

ტკივილი სქესობრივი აქტის დროს.

შეიძლება გქონდეთ ამ ნიშანთაგან ერთი ან რამდენიმე.

გახსოვდეთ: ზემოაღნიშნული ჩივილების არსებობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაქვთ სგგი და არც მათი არარსებობა გამორიცხავს ინფექციას აბსოლუტურად. საბოლოო დიაგნოზი მხოლოდ სრული გამოკვლევით ისმება.

 როგორ ვრცელდება სგგი? (ინფექციის გადაცემის გზები)

ჩვეულებრივ, სგგი სქესობრივი გზით ვრცელდება, რადგან დაავადების გამომწვევი მიკრობი ცხოვრობს სასქესო ორგანოების გამონაყოფში და გადაეცემა სპერმით და საშოს სითხით. ინფექციის წყარო სგგი-ს მქონე სქესობრივი პარტნიორია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას დაავადების ნიშნები. ხშირად ადამიანი ინფექციის მხოლოდ მტარებელია, დაავადების გამომწვევი “ჩუმად" ცხოვრობს ორგანიზმში.

ზოგიერთი სგგი მხოლოდ სქესობრივი გზით როდი ვრცელდება. დაავადებული ადამიანის სისხლი და საყოფაცხოვრებო ნივთები ახლო კონტაქტში მყოფ პირთა ინფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

სგგი შეიძლება ინფიცირებულ მიდამოსთან უშუალო კონტაქტითაც გადავიდეს, თუ კანი გაქვთ დაზიანებული (მცირედი ნაკაწრები, წყლულები).

რადგან სგგი-ის ზოგიერთი ფორმა გადადის სისხლით, ისინი შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებული შპრიცების და ნემსების გამოყენებით.

ინფიცირებულმა დედამ შეიძლება გადასდოს ინფექცია შვილს მუცლად ყოფნის, დაბადების ან ძუძუთი კვების დროს.

შეიძლება ერთი და იგივე ინფექცია რამდენჯერმე გადაგედოთ ან ერთდროულად რამდენიმე ინფექცია გქონდეთ.

სგგი ყველას შეიძლება გადაედოს, მიუხედავად ასაკისა და სექსუალური ორიენტაციისა. ინფექციის გადაცემა ხდება როგორც ჰეტეროსექსუალური (სხვადასხვა სქესის პარტნიორები), ისე ჰომოსექსუალური (ერთი სქესის პარტნიორები) სქესობრივი კავშირის დროს, ასევე, ვაგინალური, ანალური (უკანა ტანიდან) და ორალური (პირით) სქესობრივი კავშირით.

 სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ხელშემწყობი ფაქტორებია:

არახელსაყრელი საყოფაცხოვრებო პირობები: პირადი ჰიგიენის არასრულყოფილი დაცვა, ორგანიზმის გადაცივება;

ფსიქო_ემოციური სტრესი;

სხვა ქრონიკული დაავადებები: დიაბეტი, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა;

სხვა ინფექციური დაავადებები;

აბორტი, ხშირი მშობიარობა

და სხვა.

ამ ფაქტორების უმეტესობის ფონზე ქვეითდება ორგანიზმის იმუნიტეტი, რის გამოც ჩუმად მიმდინარე ინფექცია აქტიურდება.

 გაქვთ მაღალი რისკი გადაგედოთ სგგი თუ:

გაქვთ დაუცველი სექსი და არ ხართ დარწმუნებული თქვენი მეუღლის ან სქესობრივი პარტნიორის ჯანმრთელობაში, ანუ:

  • თქვენს მუდმივ პარტნიორს აქვს ან ჰქონდა სქესობრივად გადამდები ინფექცია;
  • გყავთ ახალი სქესობრივი პარტნიორი;
  • თქვენ ან თქვენს პარტნიორს გაქვთ ან გქონდათ შემთხვევითი სექსი სხვასთან;
  • ხშირად გაქვთ სქესობრივი აქტი ალკოჰოლის ან ნარკოტიკის გავლენის ქვეშ.

ხმარობთ სხვის ნახმარ პირადი მოხმარების და ინტიმურ საგნებს, ნემსებს და სხვა.

თუ თქვენ გქონდათ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი პრეზერვატივის გარეშე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გამორიცხეთ სქესობრივად გადამდები ინფექციის არსებობა.

 ნუ გგონიათ რომ არ დაგემართებათ სგგი, თუ:

ხართ ახალგაზრდა და ჯანმრთელი
მაღალი სექსუალური აქტივობიდან გამომდინარე, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ორგანიზმს დაინფიცირების მეტი შანსი აქვს, ისევე როგორც არასასურველი ფეხმძიმობისა.

ხმარობთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს
ჩასახვის საწინააღმდაგო აბები მხოლოდ ფეხმძიმობისაგან იცავს და არა ინფექციისაგან;

გაქვთ ეგრეთ წოდებული "დაუმთავ-რებელი სქესობრივი აქტი"
არაა აუცილებელი, ინფექციის გამომწვევი მოხვდეს სასქესო ორგანოებში ღრმად, ხანდახან საკმარისია მისი გარეთა სასქესო ორგანოებზე მოხვედრაც.

 როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები?

შეიკავეთ თავი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტისაგან;

თუ პარტნიორის ჯანმრთელობაში დარწმუნებული არ ხართ, ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი;

გააანალიზეთ, რამდენი პარტნიორი გყავდათ და შეიძლებოდა თუ არა გადაგდებოდათ სგგი;

ყველაზე რისკიანი გზა სგგი-ით დაავადებისა არის ანალური (უკანა ტანიდან) სექსი, ამიტომ თავი შეიკავეთ მისგან;

არასოდეს იხმაროთ სხვისი ინტიმური ნივთები, შპრიცები და ნემსები;

თუ თვლით, რომ შეიძლება გქონდეთ სგგი, მიმართეთ ექიმს, ის მოგცემთ სათანადო რჩევებს და დაგინიშნავთ მკურნალობას.

 როგორ ისმება სგგი-ს დიაგნოზი?

საეჭვო ნიშნების შემჩნევისთანავე, პირველ რიგში, მიმართეთ ექიმს: მანდილოსნებმა - გინეკოლოგს, მამაკაცებმა - უროლოგს ან ვენეროლოგს, და გულახდილად უპასუხეთ კითხვებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

თუ ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც ასეთი სპეციალისტი არაა ხელმისაწვდომი, დასაწყისისთვის შეგიძლიათ ზოგადი პრაქტიკის ექიმს - ოჯახის ექიმს, თერაპევტს ან ქირურგს მიმართოთ.

საჭირო გამოკვლევებს მხოლოდ ექიმი ნიშნავს. ყველაზე მნიშვნელოვანი და ინფორმატიული ლაბორატორიული გამოკვლევებია:

  • საშოდან ნაცხის მიკროსკოპული დათვალიერება და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
  • სისხლში და ბიოლოგიურ სითხეებში ინფექციის გამომწვევის გამოვლენა ე.წ. კულტივაციის (მიკროორგანიზმის ზრდის ხელშემწყობი პირობების შექმნა) მეთოდით;
  • სისხლში ინფექციის გამომწვევის სპეციფიური ანტიგენისა და მის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულის განსაზღვრა.
გარდა ამისა, არსებობს უახლესი მეთოდიც - (PCR) სისხლში მიკროორგანიზმის ყველაზე სპეციფიური მახასიათებლის - დნმ, ან რნმ-ის განსაზღვრა. ექიმის შეხედულებისამებრ შეიძლება დამატებითი კვლევებიც დაინიშნოს: ექოსკოპია, ჰისტეროსკოპია და სხვა.

 იკურნება თუ არა სგგი?

სგგი-ების უმრავლესობა ბოლომდე იკურნება, თუკი დროზე მიმართავთ
ექიმს და ზუსტად შეასრულებთ მის დანიშნულებას!

სწორი მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია სპეციალურ გამოკვლევებზე დაყრდნობით.

მკურნალობის პრინციპი თითქმის ყველა ინფექციისათვის საერთოა: ინიშნება ამ ინფექციის გამომწვევის საწინააღმდეგო ანტიმიკრობული პრეპარატი და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებელი საშუალებები: დიეტა, რეჟიმი, ვიტამინები, უშუალოდ იმუნიტეტზე მოქმედი წამლები და სხვა.

მკურნალობის შედეგი ფასდება განმეორებითი ლაბორატორიული ანალიზით.

თქვენი მკურნალობა შეიძლება უშედეგო იყოს, თუ განაახლებთ სქესობრივ ურთიერთობას სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ასევე ადვილია ხელმეორედ დაინფიცირება, თუ თქვენი პარტნიორიც არ იმკურნალებს. ანუ სქესობრივ პარტნიორთაგან ერთ-ერთისთვის სგგი-ს დადგენის შემთხვევაში ორივემ ერთდროულად უნდა ჩაიტაროს მკურნალობა.

გახსოვდეთ:
სგგი შეიძლება დიდხანს მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ანუ ადამიანს არაფერი აწუხებდეს. არც ერთი სგგი თავისით არ განიკურნება. დაგვიანებული მკურნალობის, თვითმკურნალობას და ასევე არანამკურნალევ შემთხვევებში, შესაძლოა, დაავადება გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში ან განვითარდეს გართულებები:

მცირე მენჯის ორგანოების (საშვილოსნო, საკვერცხეები, საშვილოსნოს მილები) ანთებითი დაავადებები;

უშვილობა, იმპოტენცია;

კიბო და სხვა სიმსივნური დაავადებები;

თვითნებური აბორტი;

საშვილოსნოს გარე ორსულობა;

სეფსისი (ეგრეთ წოდებული "სისხლის მოწამვლა");

ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა;

ახალშობილთა თანდაყოლილი პათოლო-გიების, სიმახინჯეების განვითარება.

გახსოვდეთ! სხვადასხვა სახის სგგი-ის სამკურნალოდ სხვადასხვა წამლები გამოიყენება.
არასოდეს მიიღოთ წამალი არა ექიმი მეგობრის ან მეზობლის რჩევით.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association