სარძევე ჯირკვლის სიმსივნური
დაავადებების პროფილაქტიკა

 რა არის სარძევე ჯირკვალი ?

სარძევე ჯირკვალი (ძუძუ) - ქალის უმნიშვნელოვანესი, სათუთი ორგანოა. მასში ხშირად ვითარდება სხვადასხვა ცვლილებები და დაავადებები. სარძევე ჯირკვლის დაავადებების გამო გინეკოლოგთან და სხვა ექიმებთან ვიზიტის სიხშირე საკმაოდ მაღალია, თუმცა მაინც არც თუ იშვიათია უყურადღებობის გამო განვითარებული და შორსწასული დაავადებები, მათ შორის ისეთი საშიშიც, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კიბო.

რომ არ გამოგვეპაროს და დროულად ვუმკურნალოთ სარძევე ჯირკვლის დაავადებებს, საჭიროა გვქონდეს ელემენტარული წარმოდგენა მის აგებულებასა და მოვლის წესებზე.

სარძევე ჯირკვალი შედგება:

წილაკების, ანუ რძის წარმოქმნის ჯირკვლებისგან;

სადინრების, ანუ მილებისგან, რომლებიც წილაკებს სარძევე დვრილთან აერთებს;

ცხიმოვანი ქსოვილისგან, რომელშიც შეფუთულია ჯირკვლები და სადინრები;

ლიმფური სადინრებისა და სისხლ-ძარღვებისაგან;

სარძევე დვრილისაგან, რომლითაც წარმოქმნილი რძე გარეთ გამოიყოფა;

რამდენად ხშირია სარძევე ჯირკვლის დაავადებები და მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნე – ძუძუს კიბო?

მოვიშველიოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემები:

  • მასტიტი, ანუ სარძევე ჯირკვლის შეგუბებითი, ან ინფექციური ანთება - შემთხვევათა 3%-ში გვხდება;
  • მასტოპათია, ანუ სარძევე ჯირკვლის ქსოვილის კეთილთვისებიანი, შექცევადი გადაგვარება, რაც ჰორმონული დარღვევითაა გამოწვეული - 45%;
  • კისტა - სარძევე ჯირკვლის ერთგვარი ჩანართი - 15%;

  • ფიბროადენომა - სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე - 25%;

  • კიბო - ავთვისებიანი სიმსივნე - 25%;

  • სხვადასხვა იშვიათი დაავადებები - 15%.

რა არის სარძევე ჯირკვლის კიბო?

ადამიანის ჯამრთელი ორგანიზმი რთული, მაგრამ მოწესრიგებული სისტემაა, სადაც ნებისმიერი პროცესი საერთო კონტროლს ემორჩილება. კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც წარმოიქმნება უკონტროლოდ გამრავლებადი უჯრედებისაგან. ამ უჯრედებს არ გააჩნიათ სასარგებლო ფუნქცია, და მეტიც, ზრდასთან ერთად ის აზარალებს არა მხოლოდ იმ ორგანოს რომელშიც ჩნდება, არამედ მთელ ორგანიზმს.

ძუძუს კიბო ერთერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში. მსოფლიოში ყოველწლიურად სარძევე ჯირკვლის კიბოს 65000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, დაავადების გამომაჟღავნდებიდან პირველ ხუთ წელში სიკვდილობა საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამ მძიმე სურათისა,

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დროულად აღმოჩენილი კიბოს სწორად მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ავადმყოფები ათეულობით წლების განმავლობაში სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ თავს.

დადგენილია, რომ ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობა ერთიორად მცირდება თუ ქალები 40 წელს ზევით ყოველ წელს გაესინჯებიან ექიმს და ჩაიტარებენ საჭიროOგამოკვლევებს.

კიბოს წარმოშობის მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ რიგი არახელსაყრელი ფაქტორებისა გარკვეულწილად ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. მათ კიბოს რისკ-ფაქტორები ჰქვია.

 რა არის ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორები?

ავთვისებიანი სიმსივნეების ხელშემწყობ ზოგად არახელსაყრელ ფაქტორებად ითვლება:

რადიაციული დასხივების ზონაში ცხოვრება,

ცხოვრების არაჯანსაღი წესი: არასწორი კვება (ცხიმებით მდიდარი და უჯრედისით ღარიბი პროდუქტები), თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, უმოძრაო ყოფა, და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, არსებობს ძუძუს კიბოს სპეციფიური რისკ-ფაქტორებიც:

მემკვიდრული განწყობა, ანუ სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ახლო ნათესავებში (დედა, და, შვილი);

ორსულობა და მშობიარობა 30 წლის ასაკის შემდეგ ან უშვილობა;

სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადაგვარება, გამოწვეული ჰორმონული დარღვევებით (დისჰორმონალური ჰიპერპლაზია).

მენსტრუაციის ნაადრევი (12 წლის ასაკამდე) დაწყება და გვიან (50 წლის შემდეგ) შეწყვეტა;

სქესობრივი ფუნქციების დარღვევები: ორგაზმის არქონა, ფრიგიდულობა;

მენსტრუაციის დარღვევები: არა-რეგულარული, მტკივნეული, ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაცია;

საშვილოსნოსა და საკვერცხეების ანთებითი და ქსოვილის გადაგვარებით მიმდინარე დაავადებები;

მაღალი დოზით ან ხშირი, თუნდაც დასაშვები დოზის ფარგლბში, რადიაციული დასხივება მოზარდ ასაკში (16 წლამდე), მაგალითად ხშირი რენტგენლოგიური გამოკვლევა;

ჭარბი წონა, განსაკუთრებით წონის მკვეთრი მატება 16 წლის ასაკის ზევით.

სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც აქვთ ზემოთ ჩამოთვლილიდან 3 და მეტი ნიშანი.

ძუძუს კიბოს მიმართ განწყობას უმნიშვნელოდ ზრდის ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, განსაკუთრებით 40 წელს ზევით.

სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი იზრდება ასაკის მომატებასთან ერთად:

  • 25 წლის ასაკში - 19 000-დან 1 შემთხვევა,
  • 30 წლის ასაკში - 2 500-დან 1,
  • 35 წლის ასაკში - 622-დან 1,
  • 40 წლის ასაკში - 217-დან 1,
  • 45 წლის ასაკში - 93-დან 1,
  • 50 წლის ასაკში - 50-დან 1,
  • 55 წლის ასაკში - 33-დან 1,
  • 60 წლის ასაკში - 24-დან 1,
  • 65 წლის ასაკში - 17-დან 1,
  • 70 წლის ასაკში - 14-დან 1,
  • 75 წლის ასაკში - 11-დან 1,
  • 80 წლის ასაკში - 10-დან 1.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადება ნაკლებად უვითარდებათ მათ, ვისაც:

მენსტრუაცია დაეწყო დროულად ან გვიან (12-14 წლიდან) და შეუწყდა 40-45 ასაკში (ოპერაციული ჩარევის შედეგადაც);

ბავშვს ძუძუთი კვებავს 6 თვეზე მეტხანს;

რეგულარულად დადის ექიმთან (გინეკოლოგთან ან მამოლოგთან) და იტარებს მის მიერ დანიშნულ საჭირო გამოკვლევებს: სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია და მამოგრაფია ანუ სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

რეგულარულად ისინჯავთ სარძევე ჯირკვალს თქვენ თვითონ (იხილეთ ქვემოთ სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვის ტექნიკა);

გაქვთ ცხოვრების ფიზიკურად აქტიური წესი და ინარჩუნებთ სხეულის ნორმალურ წონას;

ჯანსაღად იკვებებით: ხშირად მიირთმევთ მოხარშულ ხორცსა და თევზს, ხილს, ბოსტნეულს, ნაკლებად ცხიმიან პროდუქტებს და შეზღუდული რაოდენობით შემწვარ, კონსერვანტებიან, შებოლილ პროდუქტებს, ყავას, ჩაის, შოკოლადს...

 სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა

ზემოაღნიშნული ხელშემწყობი, რისკ- ფაქტორებისათვის შეძლებისდაგვარად თავის არიდება;

სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა რეგულარულად: თვეში ერთხელ. თვითგასინჯვით შეიძლება 2,5 სმ. ზომის სიმსივნის აღმოჩენა. დადგენილია, რომ ასე აღმოჩენილი სიმსივნის სწორი მკურნალობით ავადმყოფთა 50_70% თავს ჯანმრთელად გრძნობს და ინარჩუნებს შრომისუნარიანობას მინიმუმ ათი წლით;

გინეკოლოგის კონსულტაცია წელიწადში ერთხელ მაინც. სასურველია გყავდეთ ერთი გინეკოლოგი, რომელსაც ენდობით, კარგად აქვს შესწავლილი თქვენი ორგანიზმი და ყველა ცვლილებებს დროულად დააფიქსირებს და შესაბამის გამოკვლევებსაც დაგინიშნავთ.

 როგორ გავისინჯოთ სარძევე ჯირკვალი?

სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა ყველაზე მიზანშეწონილია მენსტრუაციის დამთავრებიდან პირველ კვირას. ქალებმა, რომლებსაც მენსტრუაცია არ აქვთ, სარძევე ჯირკვალი უნდა გაისინჯონ ყოველთვიურად, ერთი და იგივე დროს.

თვითგასინჯვის ტექნიკა:

სარძევე ჯირკვლების დასათვალიერებლად დადექით სარკის წინ ჯერ დაშვებული, შემდეგ მაღლა აწეული ხელებით. ამ დროს მიაქციეთ ყურადღება:

  • ხომ არ არის ძუძუს ან იღლიების მიდამოს კანის არაერთგვაროვნება, ჩაღრმავებული ან ამობურცული ადგილები;
  • გაქვთ თუ არა ძუძუს დვრილის ჩაბრუნება;
  • გაქვთ თუ არა რომელიმე სარძევე ჯირკვლის ფორმის ან ზომის ცვლილება;
  • გაქვთ თუ არა გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან;
  • გაქვთ თუ არა ცვლილებები დვრილზე (სისველე, ქერქები).

ხელით გასინჯვა ანუ პალპაცია ხდება ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. გასინჯვის დროს მკერდი ოდნავ აწეული უნდა იყოს, ამიტომ, ბეჭქვეშ ამოიდეთ პატარა ბალიში.

ძუძუ ისინჯება მოპირდაპირე ხელით (მარჯვენა ძუძუ _ მარცხენა ხელით და პირიქით). გასინჯვა ხდება ნაზად (მოერიდეთ უხეშ ზეწოლას), მთელი მტევნით. სარძევე ჯირკვალი უნდა გაისინჯოთ მთლიანად, მცირე უბნებად. დიდი უბნის გასინჯვისას შეიძლება შეიგრძნოთ სიმკვრივე, რაც შეიძლება არ ნიშნავდეს პათოლოგიურ ცვლილებას.

გასინჯვა ხდება სამ მდგომარეობაში:

წვებით ზურგზე, ხელს შლით "ზემკლავის" მდგო-მარეობაში.

წვებით ზურგზე, ხელს შლით გვერდზე, "გან-მკლავის" მდგომარეობაში.

ზურგზე მწოლიარემ ჩამოუშვით გაშლილი ხელი ტანის გასწვრივ,
კვლავ გასინჯეთ ძუძუ მოპირდაპირე ხელით.

მოპირდაპირე ხელის თითებით გასინჯეთ სარძევე ჯირკვლის ჯერ გარეთა ნახევარი. გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და თითებს გადააადგილებთ ზედა გარეთა კვადრანტისკენ. შემდეგ სინჯავთ შიდა ნახევრის ყველა ნაწილს ასეთი თანმიმდევრობით: გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და ხელს გადაადგილდებით მკერდის ძვლისკენ. დააკვირდით არის თუ არა კვანძები, როგორია მათი სიმკვრივე, ხომ არ შეიგრძნობთ მტკივნეულობას.

შემდეგ გაისინჯეთ იღლიისქვეშა და ლავიწქვეშა მიდამოები

და ძუძუს თავები: ორი თითით ნაზად მოუჭირეთ დვრილს და არეოლის მიდამოს. დააკვირდით არის თუ არა გამონადენი.

გამონადენი შეიძლება იყოს:

  • ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლიდან,
  • თავისით ან მხოლოდ ხელის მოჭერის დროს,
  • სხვადასხვა ფერის: სისხლიანი, მომწვანო, ყვითელი ან თეთრი.
გაითვალისწინეთ, რომ სარძევე ჯირკვალში მოცულობითი წარმონაქმნისა და ძუძუს დვრილიდან გამონადენის გამომწვევი მიზეზები კიბოს გარდა ძალიან ბევრია.

ამიტომ, თუ რაიმე უჩვეულოს აღმოაჩენთ, თქვენით დასკვნას ნუ გამოიტანთ ნურც დამამშვიდებელს, ნურც ცუდს. თქვენი ჯანმრთელობა მიანდეთ ექიმს, დროულად მიმართეთ სპეციალისტს (გინეკოლოგს, მამოლოგს). მხოლოდ მას შეუძლია დასვას ზუსტი დიაგნოზი სპეციალურ გამოკვლევებზე დაყრდნობით.

 როდის და რამდენად ხშირად მივმართოთ ექიმს?

ნათელია, რომ ექიმს უნდა მივმართოთ ძუძუს ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების დაფიქსირების-თანავე.

გარდა ამისა, პროფილაქტიკის მიზნით ექიმთან რეგულარული ურთიერთობა “უმიზეზოდაც" უნდა გქონდეთ. მითუმეტეს, თუ გაქვთ ზემოჩამოთვლილი ერთი ან რამოდენიმე რისკ-ფაქტორი.

თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა, ექიმის კონსულტაციები და ძუძუს კვლევა უნდა დაიწყოთ შედარებით ადრეული ასაკიდან.

ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის (მამოლოგის ან გინეკოლოგის) მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში - ორ წელიწადში ერთხელ, 40-50 წლის ასაკში და 50 წლის ზევით - წელიწადში ერთხელ.

ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ, ტარდება სარძევე ჯირკვლების უფრო დეტალური კვლევა. კვლევის თანამედროვე გავრცელებული მეთოდებია მამოგრაფია და ექოსკოპია.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association