სტენოკარდია და ინფარქტი -
უცნობი ნაცნობები,

ანუ, რა არის გულის იშემიური დაავადება და
როგორ ავიცილოთ იგი?


იშემიურ დაავადებას გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგების დარღვევას ეძახიან. იგი მკვებავი სისხლძარღვების "შევიწროებითაა" გამოწვეული.

სურათებზე: მიოკარდიუმის ინფარქტი

შევიწროებას, ანუ სტენოზს, მრავალი სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს, რომელთაც რისკის ფაქტორებს უწოდებენ. მათ თქვენ ქვემოთ მოყვანილ სქემაზე ხედავთ:

დეტალურად შევჩერდეთ რისკის ფაქტორების თითოეულ ჯგუფზე:

I ჯგუფის რისკის ფაქტორები:

დაავადება მემკვიდრეობით არ გადაეცემა, მაგრამ, მიდრეკილება ამა თუ იმ დაავადების მიმართ, გენეტიკურადაც არის განპირობებული. ჩვენს მშობლებს ვგავართ არა მხოლოდ გარეგნობითა და ხასიათით, არამედ ჩვენი დაავადებებითაც!

თუ თქვენი მშობლები, ან და-ძმა, გულის იშემიური დაავადებით იყვნენ, ან არიან დაავადებულნი, თუ რომელიმე მათგანი უეცრად, "უმიზეზოდ" გარდაიცვალა, თქვენ მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებით. ორმოც წელს გადაცილებული პირები ამ დაავადების მიმართ გაცილებით დაუცველნი არიან, განსაკუთრებით - მამაკაცები (თუმცა ყურადღების გამოჩენა ქალბატონებსაც არ აწყენთ).

გენეტიკური ფაქტორების მოხსნა შეუძლებელია, ამიტომ ამ პირებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ!

II ჯგუფის რისკის ფაქტორები:

თქვენ, შესაძლოა, ამ დარღვევების გაჩენაშიც არ მიგიძღვით ბრალი, სამაგიეროდ, დროული, სისტემატური მკურნალობითა და პროფილაქტიკით, შესაძლებელია II ჯგუფის ფაქტორების ზეგავლენა მნიშვნელოვნად შეამციროთ.

(იხილეთ რეკომენდაციები "გენეზისი"-ს შესაბამის ბროშურებში ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტონიისა და შაქრიანი დიაბეტის შესახებ)

III ჯგუფის რისკის ფაქტორები:

ამ ჯგუფში შემავალი რისკის ფაქტორები აუცილებლად უნდა მოიცილოთ, აღმოფხვრათ.

ამ ფაქტორების თქვენს ორგანიზმზე ზემოქმედების გაკონტროლება მხოლოდ თქვენს ნებასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული!

(იხილეთ რეკომენდაციები "გენეზისი"-ს ბროშურაში "გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები")

იშემიური დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები (ნიშნები)

გულის იშემიური დაავადებისათვის (სტენოკარდიისთვის) დამახასიათებელი (ტიპური) სიმპტომებია: ტკივილი, სიმძიმის, მოჭერის, წვის, ან ზეწოლის შეგრძნება &ქუოტ;გულის კოვზთან", მკერდის ძვლის უკან, მხრებში, ბეჭში, ქვედა ყბაში, იდაყვსა და მაჯაში გადაცემით.

ამ ტკივილის აღმოცენება_გავრცელება შადრევანს მოგვაგონებს. იგი ხშირად იწყება ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის, სიცივის დროს და მცირდება, ან ქრება დატვირთვის შეწყვეტისას, ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის აბის მიღებით.

გამორიცხული არ არის, რომ პირველივე შეტევა გახანგრძლივდეს და მიოკარდიუმის ინფარქტის ჩამოყალიბებით დამთავრდეს.

გულის იშემიური დაავადება, შესაძლებელია, ატიპურადაც გამოვლინდეს- უმიზეზო სისუსტით, ჰაერის უკმარისობით, გულის ფრიალის შეგრძნებით, უჩვეულო ხასიათის, ან ლოკალიზაციის ტკივილით.

ასეთი ჩივილების აღმოცენებისას, განსაკუთრებით, თუ თქვენ "მაღალი რისკის ჯგუფს" ეკუთვნით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

რეკომენდაციები:

გულმკერდში ტიპური ტკივილის გაჩენის შემთხვევაში წამოწექით და ნიტროგლიცერინის აბი მოათავსეთ ენის ქვეშ სრულ გადნობამდე. თუ ტკივილი ხუთ წუთში არ მოიხსნა, შეგიძლიათ მეორე აბიც მიიღოთ. თუ ტკივილი ამის შემდეგ 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თუ ტკივილი იწყება ფიზიკური დატვირთვის დროს, აუცილებლად შეწყვიტეთ დატვირთვა!ნუ დატოვებთ თქვენს შეგრძნებებს უყურადღებოდ, სჯობს თავის დაზღვევის მიზნით, ზედმეტად მიმართოთ ექიმს, ვიდრე დაიგვიანოთ!

და, ბოლოს, თუ დაგიდასტურეს სტენოკარდიის დიაგნოზი, ყურადღებით მისდიეთ ექიმის რჩევებს, თვითნებურად ნუ შეცვლით, ან ნუ შეწყვეტთ მკურნალობას!

ძალზე აქტუალურად ჟღერს ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი: "სტენოკარდიით დაავადებულთა გადარჩენა თვით სტენოკარდიით დაავადებულთა საქმეა!"

გულის იშემიური დაავადების დროს, მოსვენებულ მდგომარეობაში გადაღებულ ელექტრო-კარდიოგრამაზე, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს ცვლილებები. ფარულად არსებული დაავადების გამოვლენა შესაძლებელია სტრეს-ტესტის ჩატარებით (ელექტროკარდიოგრამის რეგისტრაცია ფიზიკური დატვირთვის ფონზე - ველოერგომეტრით, ან ტრედმილით). ასეთი ტესტის ჩატარება რეკომენდებულია:

თუ თქვენ ორმოც წელზე მეტი ასაკის ხართ და ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი, ან მეტი ფაქტორი აღეგნიშნებათ: სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე, შაქრიანი დიაბეტი, მემკვიდრეობით გადმოცემული მიდრეკილება, თამბაქოს წევა.

თუ თქვენ ორმოც წელზე მეტი ასაკისა ხართ და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დაწყებას ფიქრობთ.

თუ ხართ მძღოლი, მეხანძრე, პოლიციელი, მემანქანე, მფრინავი და ა.შ. ანუ თქვენზე, გარკვეულწილად, მოქალაქეთა უსაფრთხოებაა დამოკიდებული.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association